სამინისტრომ პირველი კვარტლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა
10 მაისი 2019დღეს პრემიერმა შეაჯამა ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში ჩვენი სამინისტროს მიერ განხორციელებული ინვესტიციები. 2019 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ჩვენს მიერ იქნა შესრულებული 350 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული ციფრია და 100 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს-ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა რომ არის დადებითი დინამიკა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპშიც. ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფა მიმდინარეობს ბევრად უფრო დაჩქარებული ტემპებით, რაც განპირობებულია ცვლილებებით, როგორც პროექტების მენეჯმენტის ნაწილში, ისე შესყიდვების მიმართულებით და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მართვის პრინციპებში განხორციელებული ცვლილებებით.
,,ამან საშუალება მისცა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს ისე ჩვენს სამინისტროს რომ უფრო მზად შევხვედროდით წელს ყველა იმ პროექტს რომელიც დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2018 წელს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომელიც წელს ასევე რეკორდული მასშტაბის არის, 260 მილიონი ლარის დაფინანსება უკვე გამოყოფილი აქვთ რეგიონებს, ამ თანხის დაახლოებით 90 პროცენტზე უკვე გამოცხადებულია ტენდერები და 500 პროექტზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ეს ყველაფერი იმედს გვაძლევს რომ წლევანდელი წელი იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე იყო შარშანდელი შესრულება, რომელიც ასევე იყო რეკორდული წელი წინა წლებთან შედარებით ათვისების პარამეტრებით“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, ანალოგიური ტემპებით მიმდინარეობს სტიქიების პრევენციის პროგრამა, ადგილობრივი თვითმართველობების მიერ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო პროექტები, ამბულატორიების, სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 4 800 პროექტი არის შერჩეული სხვადასხვა სოფლის მოსახლეობის მიერ და მიმდინარეობს ამ პროექტების განხორციელების პროცესი, ასევე, საპროექტო სამუშაოები, ზოგიერთი მათგანის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
,,ეს დინამიკა საშუალებას გვაძლევს რომ ის ინფრასტრუქტურული პრობლემები რომელიც მოსახლეობას აწუხებს სწრაფად მოვაგვაროთ და მომდევნო წლებისთვის კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შევძლოთ“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.